ახმეტაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. იდოიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის თქმით, მისი დაცქვის ქვეშ მყოფს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
„ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფომ და ჩვენ გამოვიყენებთ სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალებას, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იქნეს დაცული“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხზე კომენტირებისას.
„არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსია“, - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს სწავლობს.
„ამას ასე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს“, - ამის შესახებ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა განაცხადა. დედის თქმით, მისი შვილი თურქეთის კლინიკაში დღეს დილით უნდა გადაეყვანათ.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დღეს, გამთენიისას გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები ზურაბ (აჰემედ) იდოიძე, რომელიც დღეს ახმეტაში დააკავეს, ტერორიზმის ხელშეწყობაშია ბრალდებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იდოიძემ, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ ხოფადან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.