სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სუს-ის მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. გომელაურის ინფორმაციით, ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება.
პანკისის ხეობაში საფეხბურთო ფესტივალი 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 24 გუნდი და 500-მდე მოზარდი მიიღებს. სპორტული ღონისძიება ფონდ „არველაძის“ პროექტის „სპორტული თერაპიის“ ფარგლებში გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში იწვევს და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე, მიიღება რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IX-XII კლასების მოსწავლეებს, რომლებიც წარადგენენ ესეს თემაზე - „ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისაკენ“.
პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალის მოსახლეობა ერთ კვირაზე მეტია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. წვიმის გამო სათავე ნაგებობაში წყალი ბინძურდება და ონკანებში მღვრიე მოედინება. ხშირად მას ბაყაყებიც მოჰყვება. ადგილობრივები იძულებულები არიან, სასმელად ვარგისი წყალი იყიდონ ან მეზობელი სოფლებიდან მოიმარაგონ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი გაძლიერდება და დანაგვიანების გამოვლენის შემთხვევაში, მკაცრი სანქცია იქნება გამოყენებული. მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ. დანაგვიანებისთვის კი ჯარიმა 80-დან 1 500 ლარამდე იქნება.