თამაზ ბაღაკაშვილი პანკისის სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერია. წლების განმავლობაში ის ხეობაში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო. 21 აპრილს, პანკისში, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის მომხდარი შეტაკებისას, მთავრობის წევრებთან მოლაპარაკების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. „თუ დაიწყო ერთი კაცის აყვანაც, მე ვფიქრობ, მთელი ხალხი ეყოლებათ ასაყვანი იმიტომ, რომ ვინც მაშინ პანკისის ხეობაში იმყოფებოდა, ახალგაზრდობის 90%-ი მონაწილეობდა ამ არეულობაში. არ არსებობს ახალგაზრდა, ან ქვა არ აეღო ან ჯოხი“, - ამბობს თამაზ ბაღაკაშვილი შს მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას. მინისტრმა გახარიამ თქვა, რომ ყველა, ვინც იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, პასუხს აგებს.
„მე პირველ ომში აქ არ ვიყავი, შვილიშვილი მყავდა ავად. მეორე ომში მოვედი. დიდიან-პატარიანად ყველა აქ იყო, მე რა დამტოვებდა სხვაგან? არ დავრჩებოდი. ჩვენ, ქისტები ერთი მუჭა ხალხი ვართ. ამდენ სპეცრაზმს აქ რა უნდოდა, უფროსი არა ჰყავდათ მაგათ? 18 წლის ბავშვი დაცხრილეს, სახლში, თავის საწოლში ტყვია შუბლში დაახალეს და წავიდნენ. რა უფლებით შემოვიდა სპეცრაზმი? იმდენი ჯარი რატომ შემოიყვანა გახარიამ?“- სოფელ ძიბახევში მცხოვრები ძანო მაჩალიკაშვილი, პანკისში, 2019 წლის 21 აპრილს, სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ შეტაკებას იხსენებს.
პანკისში, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, 21 აპრილს მომხდარი შეტაკების შედეგად სამედიცინო დახმარების გაწევა 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული შსს-ს 15 თანამშრომელი.
პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ხეობის სოფლებში სასმელი წყლით მომარაგების პრობლემები და ზეწოლა წინასაარჩევნოდ - ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება პანკისელმა ახალგაზრდებმა მინისტრებთან შეხვედრაზე.
„დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინა. როდემდე ეს გამოძიება? უკვე მეორე წელია, ჩვენც გადავიღალეთ. უსამართლობას არ ვითხოვ, სამართალს ვითხოვ. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა, ნებისმიერთან მივალ, გოგაშვილთანაც, გომელაურთანაც. დამანახოს, აი, შენი შვილი დამნაშავეა და არა ტყუილების და მედიის საშუალებით, ჩემს შვილს სახელს რომ უტეხავენ“, - უთხრა პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა ხეობაში მყოფ მინისტრებს.
საქართველოს ვიცე პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს, რომლებიც 12 აპრილს, წინასაარჩევნოდ, პანკისის ხეობაში ჩასვლას და რამდენიმე ჯგუფთან შეხვედრას გეგმავენ, სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები აქციით დახვდებიან.