12 აპრილს, პარასკევს, საქართველოს ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრები მედიისთვის დახურული იქნება.
რამდენიმე დღის წინ, შერეული ორთაბრძოლების (MMA) პანკისელმა სპორტსმენმა, 28 წლის ასლან გორგიშვილმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო. მანამდე ასლანმა გამარჯვება მოიპოვა ყაზახეთში პროფესიონალურ ტურნირზეც. საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობს კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა, 23 წლის ისლამ მაჩალიკაშვილი.
საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ახმეტის რაიონში, ზემო ხალაწნის თემში მაჟორიტარობის კანდიდატად მერის წარმომადგენელი როსტომ (რუსლან) ალხანაშვილი წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ ალხანაშვილი საკრებულოს წევრობის ღირსეული კანდიდატია.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, პანკისში მცხოვრები სრულწლოვანი პირებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო, 6-თვიან კურსს ჩაატარებს.
საუბარს პანკისის სტიგმით იწყებს - რაც მახსოვს, ხეობაზე სულ ცუდს ამბობენო. „კი იყო არეულობა, როცა ჩეჩნები შემოვიდნენ, მაგრამ მთავრობაც ხელს უწყობდა იმას, მაშინ რაც ხდებოდა - ხალხის გატაცებები, მკვლელობები, ყაჩაღობები, ქურდობები. ის ლაქა დღემდე შემორჩა პანკისის ხეობას. უცხოელებს კი არა, საქართველოში, სხვაგან რომ მოვხვდები და გაიგებენ ქისტი ვარ პანკისიდან, ისე გიყურებენ, გეგონება კაციჭამია ხარ. მერე, როცა ერთმანეთს გავიცნობთ, ჩვენ, პანკისზე სხვანაირი წარმოდგენა გვქონდაო“.
„თბილისში ან სხვაგან ნაცნობი რომ შეგხვდება ან ვინმე გაგიცნობს და გაიგებს, რომ ქისტი ხარ, ზოგი მეკითხება ხოლმე, ხეობაში რომ ჩამოვიდე საზღვარგარეთის პასპორტი მინდა? საზღვრებია მანდ? პოსტი უნდა გადავლახო? ამ მითებს, რაც პანკისის ხეობაზეა, ეს გზა დაანგრევდა, გააქრობდა“, - გზას, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტი ჯოყოლა აჭიშვილი საუბრობს, პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით, ახმეტა თუშეთთან უნდა დაეკავშირებინა.