არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეთერ ფანგანმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია: პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონიდან“ 2017 წლის 1-3 თებერვალს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა.
2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში მითითებული მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის კონფლიქტის შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი უკვე დაშავდა. მათ შორის ერთ–ერთს თავის არეში მიყენებული ჭრილობების გამო თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ჩხუბის შედეგად დაზიანდა ავტომობილებიც. ახმეტის პოლიციისთვის კონფლიქტის მიზეზიც და შედეგებიც ცნობილია. პანკისში მცხოვრებ ორ სრულწლოვანს, რომელთაც ინტელექტუალური დარღვევა აქვთ, ნათესავებმა და ახლობლებმა დაოჯახების უფლება არ მისცეს. პოლიციამ ქორწინების თავისუფლების დარღვევის და ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიებაც კი არ დაიწყო.
თუშეთის ოცამდე სოფელს, მათ შორის: დართლოს, დიკლოს, შენაქოს, ომალოს, ზემო ომალოს, ბოჭორნას, ხახაბოს, დანოს, დოჭუს, ბეღელას, ჟველურთას, ვერხოვანს და კოკლათას 2017 წლის ივლისიდან ინტერნეტი ექნება. ამ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „მთის ამბები“ ავრცელებს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წესის მიხედვით, წვევამდელები 3 თვის განმავლობაში სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს, რომლებიც თვეში 100 კილოვატ საათ ან უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, საფასურის 50 % სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აუნაზღაურდეთ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეს შეღავათი 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა სოფელ დუისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ იანვარში ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფით ვერ ისარგებლეს.