დაპირისპირება მოხდა პანკისის ხეობაში წინწალაშვილებისა და ტოხოსაშვილების გვარების წარმომადგენლებს შორის. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გარჩევის დროს ტოხოსაშვილების მხარეს იყო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ჭრილობები თავის არეში აქვს და ოპერაცია დასჭირდა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სულეიმან მუთოშვილი გახდა პანკისის ხეობაში სკოლების უფროსკლასელებს შორის ჩატარებული ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის“ საუკეთესო მოაზროვნე. გამარჯვებაც ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდმა „მწვანე ქუჩის ხულიგნებმა“ მოიპოვეს.
საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, არდადეგები 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი 16 იანვარს განახლდება.
პანკისის ხეობაში სოფლების ჯოყოლოს და ბირკიანის საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია 2017 წელს მოხდება. როგორც პანკისის სათემო რადიოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, რეაბილიტაციის მიზნით ბიუჯეტში ექვსასი ათასი ლარია გათვალისწინებული.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 350-დან 810 ლარამდეა. დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (hr.gov.ge) 31 დეკემბრამდე უნდა გაიარონ.
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში 2017 წელს სპორტული დარბაზის მშენებლობა იგეგმება. პანკისის სათემო რადიო WAY–ის ინფორმაციით, პროექტისთვის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.