სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ „ნაიკმა“ მუსლიმი ქალი ათლეტებისთვის სპორტული ჰიჯაბი „ნაიკ პრო ჰიჯაბი“ შექმნა. კომპანიის განცხადებით, პროდუქტის დამზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სპორტით დაკავებულმა ქალებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სპორტული შეჯიბრებებისა და ვარჯიშის დროს ტრადიციული თავსაბურით გამოწვეული უხერხულობის გამო.
ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში, ბელფორის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა „პანკისი“ 380 ანსამბლს შორის შეარჩიეს, თუმცა პანკისელებმა ფესტივალში მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღონ. ახმეტის გამგეობამ ანსამბლის წევრებს მგზავრობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა. ეს მაშინ, როდესაც ახმეტის გამგებელი საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით რეგიონში უპირობო ლიდერია და საკუთარი ცოლისძმაც კი საბიუჯეტო თანხებით დაასვენა ლატვიაში, სადაც ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით ის დროს ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა.
ბათუმში შესაძლოა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა გაჩნდეს. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე საკრებულო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს. ინიციატივა საკრებულოს წევრ დიმიტრი დარჩიას ეკუთვნის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. გასული წლის დეკემბერში, მაისურაძე ვილნიუსის აეროპორტში ლიტვურმა სპეცსამსახურებმა რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.
23 თებერვალი ვაინახური წარმოშობის ხალხის დეპორტაციის დღეა. 73 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს იოსებ სტალინის განკარგულებით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ჩეჩენი და ინგუში მოსახლეობა შუა აზიაში - ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ციმბირის ტაიგაში გადაასახლეს. დეპორტირებულთა თითქმის ნახევარი გადასახლების პირველივე წელს სიცივით, შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეთერ ფანგანმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია: პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონიდან“ 2017 წლის 1-3 თებერვალს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა.