საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა თბილისსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა შემოქმედებითი აქტივობების (გამოფენა, კონცერტი, საღამო) ხელშეწყობის მიზნით. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 8 000 ლარს.
სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ „ნაიკმა“ მუსლიმი ქალი ათლეტებისთვის სპორტული ჰიჯაბი „ნაიკ პრო ჰიჯაბი“ შექმნა. კომპანიის განცხადებით, პროდუქტის დამზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სპორტით დაკავებულმა ქალებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სპორტული შეჯიბრებებისა და ვარჯიშის დროს ტრადიციული თავსაბურით გამოწვეული უხერხულობის გამო.
ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში, ბელფორის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა „პანკისი“ 380 ანსამბლს შორის შეარჩიეს, თუმცა პანკისელებმა ფესტივალში მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღონ. ახმეტის გამგეობამ ანსამბლის წევრებს მგზავრობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა. ეს მაშინ, როდესაც ახმეტის გამგებელი საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით რეგიონში უპირობო ლიდერია და საკუთარი ცოლისძმაც კი საბიუჯეტო თანხებით დაასვენა ლატვიაში, სადაც ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით ის დროს ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალი კონკურსი აპრილში გამოცხადდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ბიზნესიდეის განსახორციელებლად მოიპოვონ თანადაფინანსება: ერთმა მეწარმე სუბიექტმა არაუმეტეს 5 000 ლარი, ორმა 10 000 ლარი, სამმა მეწარმემ კი არაუმეტეს 15 000 ლარი.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება თბილისში ჩაუსვლელად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) 3 აპრილამდე შეუძლიათ.
ახმეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი საკრებულოს 26-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 1 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა.