სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი გამოეხმაურა. მისი თქმით, სპეცოპერაცია აუცილებელი იყო და მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა.
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. როგორც მან განაცხადა, პროკურატურამ საქმე უნდა გამოიძიოს არა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, არამედ განზრახ მკვლელობის მუხლით.
პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung-ი ავრცელებს. გამოცემამ სტატია 10 დეკემბერს გამოაქვეყნა.
„მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე კომენტირებისას.
11 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი პანკისის ხეობაში გადაასვენეს. გარდაცვლილს 11 იანვარს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ახლობლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან დაუყოვნებლივ ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრაში ბრალდებული პირის გამოვლენას და პასუხისგებაში მიცემას.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს იყო თუ არა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფო უწყებების მიერ ძალის გადამეტება ან დაგვიანებული და არაეფექტიანი სამედიცინო დახმარება.
„ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფომ და ჩვენ გამოვიყენებთ სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალებას, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იქნეს დაცული“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხზე კომენტირებისას.
„არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსია“, - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს სწავლობს.
„ამას ასე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს“, - ამის შესახებ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა განაცხადა. დედის თქმით, მისი შვილი თურქეთის კლინიკაში დღეს დილით უნდა გადაეყვანათ.