წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მუსლიმ ალ-შიშანი, თურქეთის ხელისუფლების მიერ სირიის ქალაქ აფრინში ქურთების წინააღმდეგ დაწყებულ სპეცოპერაციაში „ზეთისხილის რტო“ მიიღებს მონაწილეობას.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის პრესსპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი სალაფიტური თემის წარმომადგენლებს დაემუქრა. ამ ინფორმაციამ ხეობის მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია. პანკისის სათემო რადიომ სცადა გაერკვია რა მოხდა სინამდვილეში.
ქისტი განმანათლებლისა და სასულიერო მოღვაწის მათე ალბუთაშვილის დაბადებიდან 155-ე წლისთავს, 30-31 იანვარს თბილისში ღონისძიებებით აღნიშნავენ. 30 იანვარს მწერალთა სახლში მისი ხსოვნის საღამო გაიმართება. 31 იანვარს კი მოსწავლეთა სასახლეში დაგეგმილია კონფერენცია თემაზე მათე ალბუთაშვილის შემოქმედება.
„პანკისში ადგილობრივები ძალიან წუხან, რომ აღიქმებიან, როგორც ტერორისტები ან ტერორიზმთან კავშირში მყოფი ადამიანები“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა პანკისში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა. ნინო ლომჯარია ხეობაში ყოფნისას სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს, პედაგოგებს, ქალთა საბჭოს წევრებს, უხუცესთა კავშირისა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.
16 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და აპარატის თანამშრომლები პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავენ.
12 იანვრის ჩანაწერი (2018 წელი) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, შუაღამით პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი სპეცრაზმმა საკუთარ საძინებელ ოთახში, დაკავებისას თავში სასიკვდილოდ დაჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს რეანიმაციაში გარდაიცვალა.
„მაჩალიკაშვილის საქმე თავისი მნიშვნელობით სცილდება რომელიმე ყოფით შემთხვევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ნათელი და მკაფიო პოზიციები მათ შორის მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ პანკისში, დუისის მეჩეთში სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„მაჩალიკაშვილის საქმე - ეს არის ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მაჩალიკაშვილის ოჯახმა დასაკარგი უკვე დაკარგა, ფაქტობრივად მაგათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის ბრძოლა, რომ ჩვენც არ დავკარგოთ ჩვენი შვილები და ახლობლები“, - განაცხადა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა (მურაზი გოდერძიშვილი) დუისის მეჩეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ოპერაციებს ეთნიკური მოტივაცია არ აქვს.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმის მიერ თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. გარდაცვლილის მამა, ოჯახი და ხეობის მოსახლეობა პროკურატურისგან მკვლელობის ფაქტის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. უახლოეს დღეებში პანკისის მცხოვრებლები ხეობაში საპროტესტო აქციების გამართვასაც აპირებენ.