პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და კომპიუტერული კვლევა უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მაჩალიკაშვილების სახლში ახალგაზრდა დაიჭრა. ოჯახის წევრების განცხადებით, დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილია, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. კატასტროფის ბრიგადამ ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანა.
პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში დაახლოებით 04:00 საათიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად სოფელ ომალოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბაადურ (ბადო) ჩოფანაშვილი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით არის დაკავებული.
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებული ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
შს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილების უფროსად თეიმურაზ არაბული დაინიშნა. თემურ არაბული დაიბადა 1961 წლის 14 სექტემბერს. 1996 წლიდან 2001 წლის ჩათვლით, პანკისის კრიზისის დროს, ახმეტის პოლიციის უფროსად მუშაობდა. ის კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია.
სირიაში, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 1978 წლის 7 დეკემბერს დაბადებული გიორგი მარგოშვილი (იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა. ოჯახის წევრებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს და სოფელ დუისში სამძიმარს იღებენ. გიორგი მარგოშვილს პანკისში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. მისი მეუღლეც სირიაშია.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების დუისისა და ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ადგილობრივები ხიდის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან მდინარე ალაზანზე საკუთარი ძალებით გადებული საცალფეხო ხის ხიდი სახიფათო იყო და ადიდებულ წყალს ხშირად მიჰქონდა. ქისტი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ხიდიდან გადავარდნის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ.